logo
ENG



"ღვარცოფი საშიშროებას უქმნის შოვის ინფრასტრუქტურას" - რა წერია სააგენტოს 2021 წლის ანგარიშში

04 აგვ 202318:48
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/04/gh6zvwx50niw9x5.jpg

გარემოს ეროვნული სააგენტოს 2021 წლის საინფორმაციო გეოლოგიურ ბიულეტენში აღნიშნულია, სოფელ გლოლაში, მდინარე ჭანჭახის მარცხენა შენაკადის მდინარე დღვიორას ხეობაში ღვარცოფული პროცესების განვითარების მაღალი რისკია. აღნიშნული ბიულეტენი მწვანე ალტერნატივის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო გუჯარაიძემ გაავრცელა.

როგორც გუჯარაიძე წერს, სააგენტო ყოველწლიურად ამზადებს საინფორმაციო გეოლოგიურ ბიულეტენს, სადაც აღწერილია სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი შემდეგი წლისთვის. მისივე თქმით, 2022 წლის ანგარიში სააგენტომ მათ არ მიაწოდა.

"სამარცხვინოა, რომ ამ დოკუმენტის მოსაპოვებლად სამართლებრივი დავა გვჭირდება, მაგრამ ეს სხვა დროს", - აღნიშნავს გუჯარაიძე.

საინფორმაციო ბიულეტენში ვკითხულობთ, რომ მოცემულ ტერიტორიაზე ღვარცოფული პროცესი საშიშროებას უქმნის ცენტრალური საავტომობილო გზას და კურორტ შოვის ინფრასტრუქტურულ ობიექტებს:

"ღვარცოფული ნაკადების გავლა ხდება საშუალოდ წელიწადში 2-3-ჯერ, საშიშროების რისკი - მაღალი".

გასატარებელ ღონისძიებებში მითითებულია, რომ საჭიროა მდინარე დღვიორას კალაპოტის პერიოდული გაწმენდა-დაღრმავება და ბორტების გამაგრება: ხეობაში გეოდინამიკური პროცესების მუდმივი მონიტორინგის წარმოება.

3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა.

ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი.

ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გზების გაწმენდის სამუშაოები ღამით დასრულდა და დღეს დილიდან გაგრძელდა.

სტიქიის ზონაში დაკარგულ ადამიანებს მაშველები კვლავ ეძებენ. 


close დახურვა